ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს

219
საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ განვითარებას, განუცხადა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი >>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ამჟამად ორ ქვეყანას შორის დიალოგი მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

„საღი აზრი მკარნახობს, რომ მეზობლებთან საჭიროა მეგობრობა, მით უმეტეს - ბირთვულ სახელმწიფოსთან. ეს არის გარანტია იმისა, რომ 2008 წლის ტრაგედია არ განმეორდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური მხარეც - რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია, ქართული პროდუქცია რუსებს დღემდე კარგად ახსოვთ. ამგვარად, რუსეთთან მეგობრობის წყალობით საქართველოში სიმშვიდე, სტაბილურობა დაისადგურებს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამასთანავე, მან საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითა.

„ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის პირდაპირი დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ, ქართველებს, ქვეყნის სათავეში გვჭირდება ადამიანები, რომელთაც რუსეთთან საუბრის არ ეშინიათ. მაშინაც კი, თუ ამ დიალოგს ზოგიერთები „სამშობლოს ღალატად“ შერაცხავენ, ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ - ეს საქართველოს სჭირდება... საქართველოს საზოგადოებრივი აზრი თანდათანობით იხრება ორ ქვეყანას შორის დიალოგისკენ. არ მომერიდება ვთქვა, რომ ეს დიდწილად ჩემი დამსახურებაცაა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგი - პრობლემის მოგვარების ერთადერთი მშვიდობიანი გზაა.

„კარასინისა და აბაშიძისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მოლაპარაკების დღევანდელი ფორმატი ვერ გადაწყვეტს გლობალურ ქართულ-რუსულ პრობლემებს. სამუშაო ჯგუფის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ თემებზე საუბარს“, - დაასკვნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლამ გააერთიანა >>

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით მოვიდნენ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოწესრიგება დაასახელეს.

219
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (25)