ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი

479
(განახლებულია 10:26 14.03.2019)
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ნატოს არაწევრი (აშშ-ის მოკავშირე) ქვეყნის სტატუსი რეგიონში უსაფრთხოებისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საწინდარი იქნება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ნატოს წევრობა არ უწერია.

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე>>>

ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოს ჰპირდება, რომ ალიანსში მიიღებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. რუსეთი კი, რომელიც ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, ღიად აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს საქართველოსთვის „არასასურველი შედეგები მოჰყვება“.

„დღეს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი, საუკეთესო შემთხვევაში, არაგონივრულია, უარეს შემთხვევაში კი უბრალოდ საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. ეს არის რუსეთის ჯიბრით საუბარი, რადგან სინამდვილეში ჩვენ იქ (ნატოში) არავინ გველოდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე გადაცემაში Большая игра.

მისი სიტყვებით, ნატოში გაწევრიანების ფასი ძალიან მაღალია.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ნატოს ჩინოვნიკებმა, რომ საქართველო ოდესმე გაწევრიანდება ალიანსში, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ეს არ მოხდება. თუ მოხდება კიდეც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ჩემი სახელმწიფოს გაერთიანების შესაძლებლობაზე უარის ფასად. მე წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი სხვაგვარად ფიქრობდა.

„25 წლის წინ გაჩნდა მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის სრულიად უნიკალური შანსი. კარგად მახსოვს მსოფლიოს ის ახლებური მოწყობა, რომლისაც პირადად მე მთელი გულით მჯეროდა. მწამდა, რომ შესაძლებელი იყო საერთო ევროპული სახლის შექმნა, „ცივი ომის“ სამუდამოდ დასრულება და წარსულისთვის ჩაბარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო. უეჭველია, ამაში ნატოს გაფართოებამაც ითამაშა როლი“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა>>>

ბურჯანაძის სიტყვებით, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე საუბარი, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში, მხოლოდ „ძაბავს ვითარებას“.

როგორც მან აღნიშნა, ნატოს გაფართოება კარგს არაფერს მოუტანს არც რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობას, არც რუსეთისა და ევროპის ურთიერთობას და არც მთლიანად რეგიონს.

„თავის დროზე, მათ შორის 2008 წელსაც, სხვადასხვაგვარად აფასებდნენ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, მაგრამ მაშინ რეალობაც განსხვავებული იყო. 2008 წლის შემდეგ ჩემი პოზიცია ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მიმართ რადიკალურად შეიცვალა... 2008 წელს, სამწუხაროდ, სააკაშვილის უგუნური მოქმედების გამო ჩვენ ვერ ავიცილეთ თავიდან ომი, რომელიც იყო ტრაგიკული მოვლენა ქართველებსა და ოსებს, საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ახლა, მისი თქმით, საჭიროა ყველა საშუალების გამოყენება, რათა ეს ურთიერთობები ომის შემდგომი ტრაგიკული შედეგებისგან გათავისუფლდეს. ბურჯანაძის აზრით, საქართველო ნატოს არაწევრი (მოკავშირე) ქვეყანა უნდა გახდეს.

„მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ მოხერხდება ჩემი იდეის ხორცშესხმა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვთქვი – ესაა საქართველოს არაწევრი (მოკავშირე) ქვეყნის სტატუსი, რაც, ერთი მხრივ, კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი რუსეთს განუმტკიცებდა გარკვეული უსაფრთხოების შეგრძნებას“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მან საქართველოს პოლიტიკაში აშშ-ის ხშირ ჩარევაზეც ისაუბრა.

„აშშ-ის ელჩი ან საელჩოს წარმომადგენელი ძალიან ხშირად აკეთებენ განცხადებებს, მომდევნო დღეს კი მის ნათქვამს იმეორებს ან ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი, ან კიდევ პარლამენტი. გულწრფელად გეუბნებით – ვაშინგტონსაც, მოსკოვსაც, ბრიუსელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მინდა, ჩემი ქვეყანა რომელიმე სხვა დედაქალაქიდან იმართებოდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერმა სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვერ ვხედავ ჩვენ სამთავრობო წრეებში ადამიანებს, რომლებიც, პირველ რიგში, იფიქრებდნენ არა იმაზე, თუ როგორ მოაწონონ თავი აშშ-ს, არამედ იმაზე, როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს“, – დასძინა ბურჯანაძემ.

კარასინი: საუბარი რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე ნაადრევია>>>

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ მას იმედი გაუცრუვდა, როდესაც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გაემგზავრა მოსკოვში რუსეთთან დიალოგის დასაწყებად.

„იმის ნაცვლად, რომ ეთქვა – დიახ, ჩავალ მოსკოვში და არ შემეშინდება, რომ პრორუსული პოლიტიკოსის იარლიყს მომაკერებენ (მე თავის დროზე მომაკერეს ეს იარლიყი და დღემდე ასე აგრძელებენ), ვისაუბრებ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და არ დავიწყებ ნატოსა თუ ევროპული დედაქალაქებისკენ ყურებას, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე დროგამოშვებით სტუმრობს რუსეთს, მიზეზად კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარებას ასახელებს. მასმედიისთვის ცნობილი მისი ბოლო ვიზიტი შედგა 2018 წლის ნოემბერში სანქტ-პეტერბურგში, სადაც ბურჯანაძემ ქალთა მეორე ევრაზიულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

ამჟამად ორ ქვეყანას შორის დიალოგი მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

479
თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (221)