ქართული და სომხური დელეგაციების სადილი ერევანში

როგორ გაუმასპინძლდა სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს ტოლმით

104
(განახლებულია 23:48 13.03.2019)
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაცია ერევნის ერთ-ერთ რესტორანში დაპატიჟა, სადაც სტუმრებს გემრიელი სომხური კერძებით გაუმასპინძლდნენ

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერევანში ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად სომხური სამზარეულოს კერძები დააგემოვნა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ქართულმა დელეგაციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად დედაქალაქის ერთ-ერთ, ავთენტურობით სახელგანთქმულ რესტორანში ისადილა. სუფრა 21 კაცზე იყო გაწყობილი.

„სუფრაზე იყო კერძი „იმან ბაიალდი“, სხვადასხვა ბალახეული, სომხური ყველისა და ხორცის ასორტი, ასევე ჰუმუსი“, - განუცხადა „Sputnik-არმენიას“ რესტორან „ჩინარის“ შეფმზარეულმა ანა ამბარცუმიანმა.

გარდა ამისა, სტუმრებს სომხური პურით, ბოკონიკით გაუმასპინძლდნენ. პირველი კერძი ორნაირი სომხური ტოლმა იყო - ვაზის ფოთოლში გახვეული და კომბოსტოთი და პომიდვრით შეზავებული. შეფმზარეულმა აღნიშნა, რომ სტუმრებს კლასიკური ტოლმა უფრო მოეწონათ.

მეორე კერძად სტუმრებს სომხური სანელებლებითა და აჯიკით შეზავებული, ღუმელში ჩათუშული ხბოს ხორცი მიართვეს.

დესერტი მსუბუქი იყო - გაწურული მაწვნისა და თუთის მურაბის ნაზავი კარამელში ამოვლებული ნიგვზით.

სტუმრებმა ყავაც მიირთვეს და შემდეგ შეხვედრაზე გაემართნენ.

სალომე ზურაბიშვილმა რესტორნისგან საჩუქარიც მიიღო - სახლის სომხური ქადა, ჟოლოსა და ქლიავის ნაყენი, კომპოტი და ხილფაფა.

ზურაბიშვილი სომხეთში ორ დღეს დაჰყოფს. ფაშინიანთან მოლაპარაკების გამართვამდე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. ხუთშაბათს დაგეგმილია მისი შეხვედრა სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.

ქართული დელეგაციის წევრები არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - კახა ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მქოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

104
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (360)