თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა

358
იუსტიციის მინისტრმა მონიშნა „წითელი ხაზი“, თუმცა საკითხის არსი არ დაუსახელებია

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა იმ შემთხვევაში არ გამორიცხა, თუ საკითხი, რომელიც მისი უწყების უფლებებსა და უფლებამოსილებებს ეხება, მის სასარგებლოდ არ გადაწყდება.

წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე და მეტიც, მის წასვლაზე მმართველი პარტიიდან გასულ კვირაში ალაპარაკდნენ. ამ დროს კი „ქართულ ოცნებაში“ განახლების პროცესი დაიწყო, რომელიც მისმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დააანონსა.

ჭორები თუ გარდაუვალობა - თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან მიდის? >>

„არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ თემას. ამაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის, და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

კონკრეტულად, რომელი საკითხი განიხილება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წულუკიანსა და დანარჩენ მთავრობას შორის ურთიერთობებში „წითელ ხაზს“ წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრმა არ დაასახელა და დაამატა, რომ მისთვის თანამდებობა ფასეულობას არ წარმოადგენს.

წულუკიანის განცხადებამდე მისმა პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ შესაძლო გადადგომის შესახებ ხმები უარყო.

„ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

გასულ კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი ინფორმაციის მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ. თავად მინისტრმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.

 „ქართული ოცნების“ განახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო.

საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს >>

ამასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიისთვის 2019 წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა - დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.

შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია, ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.

358
თემები:
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (19)