ეკა ბესელია

ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება

161
(განახლებულია 17:32 11.03.2019)
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დეპუტატ ეკა ბესელიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა 2018 წლის ბოლოს დაიძაბა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართვა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს>>>

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ყველასთვის მოულოდნელად გასული წლის დეკემბერში დატოვა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დატოვების შესახებაც განაცხადა. მან პარტიის დატოვების თაობაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მის ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადავადების შესახებ.

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდეს.

ბესელია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 2011 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი წლით ადრე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დააფუძნა.

ბესელიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა 2018 წლის ბოლოს დაიძაბა. დეპუტატმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ მისთვის მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ეს განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს>>>

რაც შეეხება მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველი პარტიის ნაწილს. სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლებად მიიჩნევიან. ბესელიამ განაცხადა, რომ იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.

ამის შემდეგ პარლამენტის ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის „მეამბოხე“ წარმომადგენლების საპროტესტო ტალღის შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერდა. გადაწყდა, შემუშავდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა მათი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა, სასამართლო კონფლიქტი ამით არ დასრულებულა, პირიქით, გაღრმავდა კიდეც ბესელიას კანონპროექტის ინიცირების შემდეგ.

ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

 

161
თემები:
საქართველოს პარლამენტი (31)