სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები

გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წელს თავდაცვის სფეროში რამდენიმე რეფორმის ჩატარებას და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტის „მინისტრის პირისპირ” ფარგლებში ჟურნალისტებს 2019 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს გეგმების შესახებ უამბო.

იზორიამ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2016 წლის აგვისტოში დაიკავა და იმ დროიდან შეიარაღებული ძალების რეფორმირებით და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით არის დაკავებული.

სამსახურში გამარტივებული მიღება

ერთ-ერთი სიახლე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის გამარტივება გახდება. აქამდე სამხედრო სამსახურში მოხვედრის მსურველი გარკვეულ ნორმატივებს აბარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ირიცხებოდა საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსებზე.

ჯარისკაცები ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში - Sputnik საქართველო
ქართველი ჯარისკაცები პატრიოტულ სულისკვეთებას იღრმავებენ

ამიერიდან პირს, რომელსაც სურს გახდეს სამხედრო მოსამსახურე, ნორმატივების ჩაბარება აღარ მოუწევს. ის გაივლის სამთვიან საწყის საბრძოლო მომზადებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბარებს ნორმატივებს, რომელთა შედეგების მიხედვით კომისია გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მას საკონტრაქტო სამსახურში.

„ვისაც ადრე უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, სხვადასხვა ლოკაციაზე უწევდა მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტს“, – განაცხადა იზორიამ.

გამარტივდება ასევე დოკუმენტების მიღების პროცესი. თუ აქამდე საკონტრაქტო სამსახურის მსურველების საბუთების მიღება მხოლოდ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა, ამიერიდან ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში დაიწყება.

„რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონული პრინციპის მიხედვით გავშალეთ და ახლა დოკუმენტების წარდგენა ექვს ადგილზე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

განათლება

განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების განათლებას დაეთმობა. ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს მისცემს საშუალებას აითვისონ სამოქალაქო პროფესიები, რათა სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნება და ჯარში მიღებული სპეციალობით მუშაობის დაწყება შეძლონ.

ქართულ ჯარში სომხები და აზერბაიჯანელები ქართულ ენას შეისწავლიან >>

„წელს სამხედროებს საპილოტე პროექტის სახით შესთავაზებენ „სამხედრო კარიერის ტრანზიციის პროგრამას“. ეს ნიშნავს სამხედროებისთვის სამოქალაქო პროფესიული განათლების დაუფლებას, რათა მათ ჰქონდეთ შემდეგში დასაქმების პერსპექტივა“, – განაცხადა მინისტრმა.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განვითარება

2016 წლის ნოემბერში, როდესაც იზორია თავისი სამთვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებდა, ის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ფლორანს პარლი - Sputnik საქართველო
საქართველო საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვებს აგრძელებს

მინისტრის თქმით, ეს პროცესი გრძელდება და 2019 წელს დაგეგმილია „იროკეზის“ ტიპის შვიდი ერთეული ვერტმფრენის მოდერნიზაცია.

„შვეულმფრენების მოდერნიზებისთვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, რომელიც „იროკეზის“ ტიპის 7 შვეულმფრენის მოდერნიზებას მოხმარდება. წელს ყურადღება მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემის შეძენას დაეთმობა, რომლის შესყიდვაც ფრანგული მხარისგან მოხდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის თქმით, „იროკეზების“ მოდერნიზება ქვეყნის თავდაცვით საჰაერო შესაძლებლობებს გაზრდის.

იზორიამ განმარტა, რომ კონტროლისა და მართვის ახალი სისტემა ინფორმაციის გაცვლას და საჰაერო სივრცის მონიტორინგის გაუმჯობესებას ემსახურება.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ შესყიდვის პროცესს დაასრულებს. სისტემების პირველი ნაწილი საქართველოში 2018 წლის იანვარში მიიღეს.

„ჯაველინების“ შესყიდვის პროცესი 2018 წელს დავიწყეთ. წელს ამ შესყიდვას ვასრულებთ და, შესაბამისად, ჩვენი ქვედანაყოფები თანამედროვე ტიპის ანტისატანკო სისტემით აღიჭურვებიან“, – განაცხადა იზორიამ.

სამხედროები წვრთნებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე - Sputnik საქართველო
აშშ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Stinger-ს გადმოსცემს

სწავლებები

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში გაიმართება ყოველწლიური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „საქართველო-ნატო“. მინისტრის თქმით, ეს იქნება მასშტაბური წვრთნები, რომელშიც მონაწილეობის მზადყოფნა უკვე 22-მა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა.

რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში >>

„ასე რომ, ეს იქნება ფართომასშტაბიანი ქვეყნების ჩართულობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ხაზგასასმელი გარემოება მინდა აღვნიშნო – პირველად საქართველოს ისტორიაში ეს სწავლებები ჩატარდება საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით“, – განაცხადა იზორიამ.

გარდა ამისა, საქართველოში წვრთნებზე ჩამოვა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, მოსალოდნელია ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი.

გარდა ამისა, 2019 წელს ისტორიაში პირველად დასავლეთ საქართველოში ჩატარდება ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ – Agile Sipirt 2019.

სოციალური ვალდებულებები

იზორია ასევე შეეხო სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხს. მისი თქმით, 2019 წელს გაგრძელდება საცხოვრებელი ფართების მშენებლობა სამხედროებისთვის და ამ ფართების გადაცემა იმათთვის, ვისაც ის კონტრაქტით ეკუთვნის.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის საკითხი თბილისსა და გორში სრულად 2020 წელს დასრულდება.

2019 წელს დაგეგმილია სამხედროებისთვის ასევე ხელფასების გაზრდა. ხელფასები 100-დან 500-მდე ლარით გაიზრდება წოდებისა და თანამდებობის მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0