კობახიძემ ლევილში ნოე ჟორდანიას ხსოვნას პატივი მიაგო

© photo: Parliament of Georgia / FB ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარიზში ქართველი ემიგრანტების შთამომავლებთან შეხვედრა გამართა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარის საფლავი გვირგვინით შეამკო.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილის ქართული მამული მოინახულა და ქართული ემიგრანტების შთამომავლებს შეხვდა, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძე საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტით 14 იანვარს გაემგზავრა.

კობახიძემ ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების საფლავები გვირგვინით შეამკო. ამ მამულში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მათი ოჯახები დასახლდნენ.

 „საერთოდ, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი ვიზიტები, ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, რათა დიასპორის წარმომადგენლებს შევხვდეთ. საფრანგეთში განსაკუთრებული მოტივაციაა – ჩვენი ფრანგი თანამემამულეები პირველ რიგში განსაკუთრებული არიან იმით, რომ მათი წარმომადგენლები ჩვენი გამოჩენილი წინაპრების შთამომავლები არიან. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობისა და თვითმყოფადობის გაფრთხილება“, – განაცხადა კობახიძემ ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ.

ლევილის მამულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობის მნიშვნელობა აღნიშნა ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა. 

ლევილის მამული - Sputnik საქართველო
საფრანგეთმა საქართველოს უნიკალური ისტორიული დოკუმენტები გადასცა

„ემოციური დღეა, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ვიზიტის პროგრამაში ფაქტობრივად მთელი დღე მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, პატივი მიაგო პირველი პარლამენტის თავმჯდომარეს და შემდეგ ჩამოვიდა ლევილში. ლევილი არის ძალიან სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის, რადგან ლევილში ჩამოვიდნენ ის ქართველები, რომლებიც პოლიტიკურ ემიგრაციაში წამოვიდნენ საქართველოდან. მათ აქ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ციციშვილმა.

ლევილის მონახულებამდე კობახიძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშესთან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კარლო ჩხეიძის შთამომავლებთან. მათ კობახიძეს სამახსოვრო საჩუქარი – ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი გადასცეს.

საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს 2016 წელს გადმოეცა. მისი საქართველოსთვის გადმოცემა ჯერ კიდევ 2011 წელს გადაწყდა. 

ყველა ახალი ამბავი
0