ირაკლი კობახიძე

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ გამოსავალი იპოვეს

124
(განახლებულია 15:42 12.01.2019)
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პროცედურებზე, რომელთა მიხედვით ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აირჩევენ

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს სასამართლო სისტემის რეფორმირების სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, მას შემდეგ გადაწყდება უკვე წარდგენილი კანდიდატების საკითხი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ბესელიას განცხადება გაუგებარია" - ივანიშვილი მოსამართლეების ირგვლივ აჟიოტაჟს აფასებს >>

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარუდგინა. იუსტიციის საბჭომ მათი დამტკიცება სასწრაფო წესით მოითხოვა, რადგან უზენაეს სასამართლოში 26 ადგილიდან 15 ვაკანტურია.

ბიოგრაფიებისა და დასაბუთებების გარეშე წარმოდგენილმა მოსამართლეთა სიამ როგორც ოპოზიციაში, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

ამ ფონზე პოსტი დატოვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მმართველი პარტიის ლიდერები გააკვირვა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა რომ თანამდებობას მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი წასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო შეთანხმებული და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში >>

შედეგად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სასწრაფო დამტკიცებაზე და საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

„აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება მსჯელობის საკითხი. ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

სამუშაო ჯგუფში, რომლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები შედიან. ის სასამართლო კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხებით დაკავდება.

ეს სამუშაო ჯგუფი უკვე წარმოდგენილი კანდიდატების გათვალისწინებით მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს.

„იურიდულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა. გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მოსამართლეთა სხვა კანდიდატებიც, რომლებიც წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ არიან წარმოდგენილი და ეს საკითხი ასევე გადასაწყვეტია.

ვინ შეცვლის ზურაბიშვილს პარლამენტში? დეპუტატის ადგილისთვის უფლებადამცველი იბრძოლებს >>

„დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა“, - განაცხადა კობახიძემ.

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს პარტნიორების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება" აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რათა სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელი გამხდარიყო. რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები გაუქმდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი და ექვსი მოსამართლე შევიდნენ, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ შეარჩია.

რეფორმის მეორე ტალღა 2015 წელს მოსამართლეების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის შემოღება (რათა მათი დამოუკიდებლობა გარანტირებული ყოფილიყო) და მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტერიუმების განსაზღვრა გახდა.

124
თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (27)