თელავი

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალური კომისია შეიქმნა

60
საორგანიზაციო კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. 

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტის ინაუგურაციას საორგანიზაციო კომისია მოამზადებს, ნათქვამია  მთავრობის განკარგულებაში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში სავარაუდოდ ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება.

„მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ შეძლებს ჩამოსვლას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თელავში გასამართი საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისია 30 წევრისგან შედგება და მას  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. 

კომისიამ უნდა შეიმუშავოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმა და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს.

ამასთან ერთად, მთვარობის დადგენილებაში  წერია, რომ ეთხოვოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს. აღნიშნული ცერემონია იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. ბოლო პრეზიდენტის უფლებამოსილება კი წყდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ 28 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა, ხმების 59,52% მოიპოვა. მისმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა – 40,48%.

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

60
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (168)