პარლამენტი

როდის გადმოვა საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში

44
(განახლებულია 16:12 04.12.2018)
პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატები სამუშაოდ ქუთაისიდან თბილისში გადმოვლენ – შესაბამისი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ნაწილია, კანონმდებლებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით>>>

ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს, თუმცა თბილისის შენობაში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება.

განახლებულ რეგლამენტში პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობად თბილისია მითითებული. სხდომების სხვა ადგილზე გამართვა კი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემთხევაშია შესაძლებელი.

რეგლამენტი ძალაში ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე ამოქმედდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. წინასწარი ინფორმაციით, მასში შსს-ს აკადემია ან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112" განთავსდება.

პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

 

44
თემები:
საქართველოს პარლამენტი (60)