ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

ბელარუსის ვიცე-პრემიერმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა

66
(განახლებულია 00:00 04.12.2018)
ერთობლივი საწარმოების შექმნის და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის საკითხი ბელარუსის ვიცე-პრემიერის ვიზიტისას განიხილებოდა

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძესთან მოლაპარაკებები გამართა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი სამუშაო ვიზიტით თბილისს ორშაბათს ეწვია.

„ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. აღინიშნა, რომ გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეფასდა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოების შექმნის და ამ კუთხით მთავრობების მხრიდან ხელშეწყობის საკითხი.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის იანვარში დაამყარეს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართთველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად 2015 წლის აპრილში ეწვია.

ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. ბელარუსის პრეზიდენტს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლდა. თბილისში მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ამით ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.

შედეგმა არ დააყოვნა. 2015 წელს მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მაღაზიათა ქსელ „ბელარუსკის“ გახსნის თაობაზე - პირველი მაღაზია 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

ბელარუსი საქართველოს მოქალაქეების მიღებას გაამარტივებს >>

2016 წლის დეკემბერში გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხაილ მიატლიკოვი დაინიშნა.

2017 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ერთი წლის შემდეგ კი კვლავ ლუკაშენკო ჩამოვიდა.

ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 22 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამავე დროს ბელარუსიდან საქართველოში 48 მილიონი დოლარის პროდუქციაა იმპორტირებული.

66
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (308)