„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი

„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ შერიგება

90
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შეხვდნენ

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა შეარიგა ყოფილი თანამოაზრეები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერები.

„სად არის ზურაბიშვილი?“ - ოპოზიციის მწვავე კითხვები და „ოცნების“ მკაფიო პასუხები >>

„ნაცმოძრაობის“ დამაარსებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ამ პარტიის მსხვილი პოლიტიკური ფიგურის გზები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიყო. 2017 წლის დასაწყისში მათ ახალი პარტია შექმნეს და საპარლამენტო უმცირესობა ჩამოაყალიბეს. დიდი ხნის განმავლობაში ყოფილი თანამოაზრეები ერთმანეთს აკრიტიკებდნენ, „ნაცმოძრაობა“ ადანაშაულებდა „ევროპელებს“ ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან შეთქმულებაში.

სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ვერცერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ხმების მოპოვება ვერ შეძლო.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი მეორე ტურში გადის, „ევროპელების“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თავის მომხრეებს მეორე ტურში ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მეტიც, ვაშაძის უკან დგას ათი პარტია „გაერთიანება „ძალა ერთობაშია“. მეორე ტურში მისი კონკურენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერს.

ოთხშაბათს, ჰელსინკში ხუთი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს თბილისის ექს-მერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს >>

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ საერთო მიზნები აქვთ და მათ შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

„მათ (ევროპულ საქართველოს) ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. გარდა ამისა, პიროვნულად ყოველთვის ძალიან მიხარია გიგის ნახვა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, უგულავამ აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკომ აქამდე მეორე ტურის თარიღი არ დანიშნა.

„ჩვენი ამოცანა არის - 28-ში დანიშნავენ, 25-ში თუ 2-ში, ეგეც არ ვიცით ჯერ, როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიდეს. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ეხლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მოგვიანებით პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ მისი პარტიისთვის ისევ მეტოქე გახდება.

უგულავას და სააკაშვილის შეხვედრა უყურადღებოთ არ დაუტოვებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ერთ-ერთმა პირველმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, ვინაიდან ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე... საქმე გვქონდა ძალიან იაფასიან მცდელობასთან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს გარკვეულწილად დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ერთი გუნდი უწოდა „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ თბილისის მერმაც, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება >>

„ეს ერთი გუნდია. ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ისინი. მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა მე ვთქვი რამდენიმე ხნის წინ, უფრო სწორად რომ გამომივიდეს ნათქვამი და სწორად რომ აღიქვას ხალხმა, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფინეთის დედაქალაქში 7-8 ნოემბერს ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის სამიტი მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის, ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროპული ქვეყნების მთავრობების მეთაურები. „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრი 2008 წლიდან გახდა.

90
თემები:
საქართველო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში (37)