მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: 2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზრდებათ

408
ხელფასები ასევე გაეზრდებათ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბახტაძის განცხადებით, 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით.

განათლების სამინისტრო: პედაგოგების ხელფასი 2 ათას ლარამდე გაიზრდება>>

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე და განაცხადა, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი 2020 წლისთვის დასრულდება. მისი თქმით, 2013 წლიდან დღემდე ბინა 1634 ოჯახს გადაეცა.

„2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და 2020 წლისთვის დასრულდება", – აღნიშნა ბახტაძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, 2019 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, 14 ათასამდე მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება.

კერძოდ, 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, დაახლოებით 2900 მოქალაქეს.

ასევე 1 იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

 

408
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
არჩევნები

არჩევნები 2020: ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა

25
(განახლებულია 16:45 25.09.2020)
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს, მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან  350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა საპარლამენტო არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა, ნათქვამია ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება.  

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ჯილიან სტირკი ხელმძღვანელობს,    13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 ოქტომბრიდან გადანაწილდებიან.

გარდა ამისა,  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს, მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან  350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა საპარლამენტო არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.

„არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

მისია ასევე  შეაფასებს ჩატარებულია თუ არა არჩევნები ეუთოს ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სხვა საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლები  დააკვირდებიან საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მუშაობას, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას და ა.შ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია რეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
გიორგი გახარია

გიორგი გახარია გაეროში სიტყვით გამოვა

49
(განახლებულია 16:15 25.09.2020)
პრემიერი ისაუბრებს საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, და სხვ.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია პარასკევს გაეროს გენერალური ასამბლეის 75–ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.

პრემიერი გამოსვლა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75–წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, და სხვ.

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

49
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

0
(განახლებულია 18:29 25.09.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია, იუწყება პირველი არხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

თინათინ ბერძენიშვილის  კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მის კონკურენტებს, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო მომღერალმა ირმა სოხაძემ - არც ერთი.

დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა>>

ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

0