ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები თბილისში

იურიდიულმა კომიტეტმა უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

155
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობის ასაღებად 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ქონების შეძენა მოუწევს

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. კანონპროექტს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა.

უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა.

მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დღეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეების მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც დროებითი ბინადრობის უფლების საფუძველზე ქვეყანაში ბოლო ექვსი წელი ცხოვრობენ.

რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, კანონპროექტის თანახმად, მას ის უცხოელები მიიღებენ, რომლებმაც არანაკლებ 400 ათასი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები შეიძინეს ან 300 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნეს არანაკლებ 8 სამუშაო ადგილი.

ამ დროისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა საკმარისი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მომზადების მიზეზი საქართველოს მოქალაქეებს შორის უმუშევრობა და საქართველოში მიგრაციის მაღალი დონეა.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 83 ათასზე მეტი მიგრანტი იმყოფება. მათგან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა (9,7 ათასი ადამიანი). შემდეგ მოდიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 32 017 პირს. აქედან, მაგალითად, აშშ-ის მოქალაქე იყო 1686 პირი; აზერბაიჯანის — 500; გერმანიის – 111; დიდი ბრიტანეთის — 255; ესპანეთის — 108; თურქეთის — 3135; ირანის — 192; ისრაელის — 1188; რუსეთის — 19597; საბერძნეთის — 1290; სომხეთის — 1122; უკრაინის — 734; ჩინეთის — 3; ყაზახეთის – 223.

155
თემები:
საქართველოს პარლამენტი (55)