პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, მარეკ კუხჩინსკი

საქართველოს და პოლონეთის პარლამენტები ერთობლივ ასამბლეას შექმნიან

40
(განახლებულია 00:20 06.11.2018)
საქართველოში გაიხსნება „პოლონური ინსტიტუტი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას დამატებით ბიძგს მისცემს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ ხელი მოაწერეს საქართველოსა და პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლონეთის საპარლამენტო დელეგაცია კუხჩინსკის ხელმძღვანელობით თბილისს ორშაბათს ეწვია. ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ ვქმნით ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება „პოლონური ინსტიტუტის“ გახსნა.

„პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხსნით „პოლონურ ინსტიტუტს“, რომლის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყნებს შორის, ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო და პოლონეთი შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომლის შემადგენლობაში ორივე ქვეყნის ისტორიკოსები შევლენ. კომისია იმუშავებს საკითხებზე, რომლებიც ქართულ-პოლონური ურთიერთობების მნიშვნელოვანი პერიოდების შესწავლას უკავშირდება.

ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები მიიღო >>

2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლებიც ქვეყნების თანამშრომლობას არეგულირებს თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

40
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

მშვიდობა და თანამშრომლობა: რაზე ისაუბრეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

32
(განახლებულია 22:20 15.04.2021)
საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც სომხეთის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. კავკასიის განვითარებისთვის მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს ხუთშაბათს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. შეხვედრის საზეიმო ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

„ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კავკასიის ყველა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

„თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს... ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს - ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პროექტების განმტკიცებასა და განხორციელებას.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და მიიღონ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის... ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია“, – განაცხადა სარქისიანმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ინსტიტუტების თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველოსა და სომხეთს შორის თანამედროვე ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება.

„მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად.

„გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეიტანონ ამ საქმეში“, - აღნიშნა სარქისიანმა.

დასასრულს სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

32
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ხელისუფლება ოპოზიციასთან კომპრომისისთვის მზადაა

35
(განახლებულია 15:32 15.04.2021)
ბოლო პერიოდში აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი წარმომადგენელიც გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების უშედეგო მოლაპარაკებების გამო.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წავიდეს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

მარტის ბოლოს თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვიდა, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა, მისი წინადადებები უგულებელყოფილი იქნა. კონსენსუსის მიღწევა ორ საკითხთან – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა – დაკავშირებით ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა პრინციპების დაცვით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ პრინციპებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერისას.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც მმართველი პარტია დათმობაზე წასვლას არ აპირებს „პოლიტპატიმრების“: ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას  გათავისუფლებაა.

35
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
განცხადება მიწის გაყიდვის შესახებ

რატომ ცდება საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების  მიწა - ექსპერტების მოსაზრებები

0
(განახლებულია 08:39 16.04.2021)
Sputnik საქართველო დაინტერესდა რატომ არ ხდება საქართელოში  სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მასიურად დამუშავება და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ახლახანს საკანონმდებლო ორგანოში მიწაზე კიდევ ერთი გადასახადის შემოღების იდეა გაჟღერდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბეჟან წაქაძეს მიაჩნია, რომ მიწის იმ მესაკუთრეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს  წლების განმავლობაში არ ამუშავებენ, მიწის მოცდენისთვის გარკვეული თანხა უნდა ეკისრებოდეთ. დეპუტატის აზრით, ეს არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის.

ბეჟან წაქაძის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. სპეციალისტების განმარტებით საქართველოში დღეს მიწის გადასახადი უკვე არსებობს და მას მოსახლეობა იმის მიუხედავად იხდის, ხდება თუ არა მისი დამუშავება და ამისგან სარგებლის მიღება.

აუდიტორი ამირან კილაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბევრი გლეხი მიწას უსახსრობის გამო ვერ ამუშავებს და კიდევ ერთი გადასახადი მათ იძულებულს გახდის საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები ან კაპიკებად გაასხვისონ ან სახელმწიფოს გადასცენ.

„ხშირად ხდება, როცა სოფელში გლეხს აქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ არა აქვს მისი დამუშავების ფინანსური საშუალება და კიდევ გადასახადი რომ  დაუწესო, გამოდის ბოლომდე ახრჩობ,“- აღნიშნა ამირან კილაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

ექსპერტოს აზრით, ასევე არის საშიშროებაც, რომ ერთი მფლობელის ხელში მიწების დიდი რაოდენობა აღმოჩნდეს.

„შექმნილ ვითარებაში ალბათ ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა იურიდიული პირების და უცხოელების საკუთრებაში არსებული მიწები დაიბეგროს“, - მიაჩნია ამირან კილაძეს.

სახელმწიფომ მიწების დამუშავება გლეხებს ახალი გადასახადის შემოღებით კი არ უნდა აიძულოს, არამედ დარგი ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა გახადოს, თქვა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზების ცენტრის პრეზიდენტმა ვეფხია გიორგაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას,

„რატომ არ ხდება სასოფლო სამეურნეო მიწების დაფინანსება შიდა თუ უცხოური დანაზოგებით და რატომ არიდებენ თავს ბანკები მის დაკრედიტებას, ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებიც მთვარობამ უნდა დასვას“- მიაჩნია გიორგაძეს.

ეკონომისტის აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას პირობები იაფი და გრძელივადიანი ფულის შესაქმნელად.  ამის პარალელურად  კი უნდა დასრულდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ფორმირება, რაც მხოლოდ ერთადერთი გზით არის შესაძლებელი-სახელმწიფოს ხელში არსებული მიწები მოსახლეობას უსასყიდლოდ  უნდა გადაეცეს 

გიორგაძის მონაცემებით,  სახელმწიფოს მფლობელობაში დღეს 1.5 მლნ ჰა მიწის ფართობია და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული მიწის ბაზარი.

„საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის ბაზარი რომ არ არის ჩამოყალიბებული, ეს ცოდვა სახელმწიფოს 30 წელიწადია ადევს ზურგზე. სახელმწიფო არ თმობს მიწების 45 პროცენტს, ამიტომ ბაზარი ვერ ყალიბდება შესაბამისად ვერ გვაძლევს საბაზრო ფასს მიწაზე, არადა ფასი განაპირობებს  ამ რესურსის საინვესტიციო  მიმზიდველობას“, - თქვა ვეფხია გიორგაძემ.

რაც შეეხება მიწის ფასებს, გიორგაძის თქმით,  ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაა და თანაც ბაზარზე დღეს არსებული მიწის ფასი არის რამდენჯერმე იმაზე დაბალი, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.

ეკონომიკის დოქტორის ნიკა შენგელიას აზრით, იმისათვის რომ წარმატებით შეიქმნას მიწის ბაზარი, სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს,

„აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შეიმუშავოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ პოლიტიკა. ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური კომპანიების გამოცდილების და ფინანსების შემოდინებას; გააფართოვოს და გაამარტივოს შესაბამის პროექტებში მონაწილეობის მიღების პირობები და ეტაპები“- თქვა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

გარდა ამისა, რეგიონებში უნდა შეიქმნას ბიზნეს- ინკუბატორები, სადაც ფერმერები კონსულტაციების გავლას და გარკვეული ცოდნის მიღებას შეძლებენ ახალი ტექნოლოგიებზე, მათი გამოყენებით მოსავლის მოყვანაზე, ასევე მიიღებენ ინფორმაციას როგორ უნდა შეადგინონ ბიზნეს გეგმა, როგორ მოუყარონ თავი პროექტში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

„თუმცა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოში სოფლის მეურნეობუს განვითარებისთვის, მაინც  მაღალ პროცენტიანი კრედიტებია“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ არსებიბს სხვადასხვა პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ის ფერმერთა ძირითადი მასისათვის უცნობი და ხელმიუწვდომელია გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  მონაცემებით 2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით, საქართველოში  საკუთრებაში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

ნატა პატარაია

0