ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს

42
(განახლებულია 14:10 05.11.2018)
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არ იმოქმედებს, მიიჩნევს ბურჯანაძე.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

არც ერთ კანდიდატს არ განუცხადებია კონკრეტული გეგმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით. ბურჯანაძე, თავის მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მომხრეა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (38,64%), ხოლო მას მცირე რაოდენობით ჩამორჩება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (37,73%).

„ვერც ერთი კანდიდატი ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს რუსეთთან მიმართებით. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტ ბრალს დასდებს მეორეს „პრორუსულ" განწყობაში. ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც შეძლებენ გარღვევას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ამ არჩევნებზე არ იყო კანდიდატი, რომელიც გაბედავდა და თუნდაც ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იტყოდა რამეს", – განაცხადა ბურჯანაძემ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას.

პოლიტიკოსს გაუჭირდა არჩევნების მეორე ტურის შედეგების პროგნოზი, მაგრამ აღნიშნა, რომ „როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ფაქტია, რომ "ივანიშვილის ერა" დაშლას იწყებს".

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ბურჯანაძე: საქართველოს ლიდერები უნდა შეხვდნენ პუტინს>>

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხელისუფლებაში მოსვლისას, 2012 წელს განაცხადეს, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება იქნება, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 

42
თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (205)