ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და სცემეს: საქართველო ახალმა ფარულმა ვიდეოკადრებმა შეძრა

© photo: Sputnik / Stringerძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩნდა ახალი ვიდეოჩანაწერები, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ქვეყანაში უკანონობაზე საუბრობს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ფარული ვიდეოკადრები, რომელშიც ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კომპანია Omega Group-ის ერთ-ერთ მფლობელს ზაზა ოქუაშვილსა და კომპანიის მენეჯერებს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტის შესახებ უყვება, რომელმაც ის სარდაფში ჩაკეტა და სცემა.

ვერსია, რომ ფარცხალაძემ, შესაძლოა, ყიფიანი სცემა, ქართულ მასმედიაში ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გაჩნდა. მაშინ Rustavi2-მა ტელეეთერში გაუშვა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც მამაკაცი, რომლის ხმაც ყიფიანის ხმას ჰგავს, ოქუაშვილს ფარცხალაძესთან ინციდენტზე უყვება.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
ფარული ჩანაწერების საქმე - „ბიჭუნების" თვითშემოქმედება თუ „იდიოტი პრეზიდენტი"

სკანდალი Omega Group-თან დაკავშირებით სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. მას აქეთ ტელეკომპანია Rustavi2 პერმანენტულად აქვეყნებს აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც ოქუაშვილი საუბრობს ყიფიანთან და ორივე ცდილობს კომპანიის ბედის გადაწყვეტას, რომელიც ვალებშია – Omega Group-ს სახელმწიფოს 52 მილიონზე მეტი ლარი ვალი აქვს. აუდიოჩანაწერებში ასევე ისმის, როგორ ითხოვს ყიფიანი მისგან დიდ თანხას, ასევე ძვირადღირებულ ავტომობილებს მთავრობის ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დაეხმარონ.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2017 წლის აპრილით თარიღდება, ყიფიანი კომპანიის ხელმძღვანელობას უყვება, რომ ინციდენტი მოუვიდა ფარცხალაძის ოფისის სარდაფში, სადაც ორივე იყენებდა უცენზურო სიტყვებს, შემდეგ კი იჩხუბეს. ამას გარდა, ყიფიანი საუბრობს, რომ შენობაში შესვლამდე ის შეამოწმეს და მოსთხოვეს ტანსაცმლის გახდა, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე ჩამწერი მოწყობილობა.

ფარცხალაძესთან ინციდენტის შემდეგ საქმეში ჩაერივნენ პოეტი დათო მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. მოგვიანებით ფარცხალაძე და ყიფიანი შერიგდნენ. სპორტის ყოფილი მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ მან დახმარება სთხოვა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც იმ პერიოდში ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, თუმცა მან ამ საქმეში ჩარევაზე უარი განაცხადა.

ფინანსთა მინისტრს ვერ გაუგია, რატომ არ უნდა Omega Group–ს გადასახადების გადახდა>>

ყიფიანისა და ფარცხალაძის ურთიერთობებზე საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ოქუაშვილმა 30 სექტემბერს ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში აუდიოჩანაწერების მორიგი "პორციის" გასვლის შემდეგ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მას 4 მილიონი ლარი მოსთხოვა ბიზნესის ლობირებისთვის. ოქუაშვილმა ამის თაობაზე, თავის მხრივ, უამბო ყიფიანს, რომელიც Omega Group-ში სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობების მოგვარების ხაზით მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ყიფიანმა შეიტყო, რომ ფარცხალაძე ოქუაშვილისგან 4 მლნ ლარს ითხოვდა, მან ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილს აცნობა, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრი იყო. კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, ამ საქმის გარკვევა ბიძინა ივანიშვილთან გადაწყვიტა.

კომპიუტერის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
Omega Group–თან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები მონტაჟი აღმოჩნდა

ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ყიფიანის საქციელზე გაბრაზდა და მისი დასჯა ფარცხალაძის მეშვეობით გადაწყვიტა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აღძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლით და რამდენჯერმე დაკითხა როგორც ყიფიანი, ისე კომპანია Omega Group-ის ხელმძღვანელობა, მათ შორის ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატია.

თავად ოქუაშვილი ამჟამად ლონდონში იმყოფება და უარს აცხადებს საქართველოში ჩამოსვლაზე.

ყიფიანმა პროკურატურის გამომძიებლებთან განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ოქუაშვილთან ერთად სპეციალურად მოამზადა, რათა მას ეს წარედგინა უცხოელი პარტნიორებისთვის და ამით ეჩვენებინა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოში ბიზნესი.

საქართველოს პროკურატურამ 5 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Omega Group-თან დაკავშირებული თითქმის ყველა აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული აღმოჩნდა. ოქუაშვილმა, თავის მხრივ, გაავრცელა ლონდონის საექსპერტო ლაბორატორიის დასკნა, სადაც ლაპარაკია, რომ ჩანაწერებში გამოყენებულია მონაკვეთები ერთი მთლიანი ავთენტიკური მასალიდან.

ყველა ახალი ამბავი
0