ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოხატა უკმაყოფილება პრეზიდენტის განცხადების გამო, რომელიც გახმაურებულ მკვლელობებს შეეხო

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ სანდო გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდების მკვლელობასთან მიუღებელია.

სააკაშვილის განაჩენი ძალაში დარჩა >>

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა ზაზა სარალიძე, როგორც „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის დედა, ირინა ენუქიძე, ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს. მისი თქმით, ტრაგიკულია, რომ გვირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამა მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს.

„თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი“, - განაცხადა ბახტაძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავითის მკვლელობისთვის დაკავებული პირი მხოლოდ მკვლელობის მცდელობაშია დამნაშავე. ასე რომ, მოზარდის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

რაც შეეხება გირგვლიანს, ის ოქროყანის სასაფლაოზე 2006 წლის 28 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს. ყველაფერი თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ–ბარში“ მომხდარი კამათიდან დაიწყო, სადაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები – დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე და ასევე იმ დროისთვის შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია იმყოფებოდნენ. კამათი შემდეგ ოქროყანაში ჩხუბში გადაიზარდა.

მოკლულის ოჯახი და ოპოზიცია ერთხმად აცხადებდნენ მომხდარ ფაქტთან ხელისუფლების მაღალი ეშელონების კავშირს. ისინი მოითხოვდნენ არამარტო შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას.

გიორგი მარგველაშვილმა ნატოს თავდაცვით კოლეჯში ლექცია წაიკითხა - Sputnik საქართველო
„ოცნების“ იდეა, პრეზიდენტის წინადადება - „გირგვლიანის ცვლილებები“ ყურადღების ცენტრშია

2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება განაახლა და საქმის ახალი გარემოებები აღმოაჩინა.

აღნიშნულ საქმეზე სასჯელი აქვს შეფარდებული შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან, სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა გერონტი ალანიასაც, რომელიც პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასაც, ასევე ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დავით კოკიაშვილს, რომელიც მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი ოქროყანაში მიიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამ გზით პასუხისგებისგან გაათავისუფლა ისინი.  ამით კი გარდაცვლილის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დაირღვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0