თბილისის აეროპორტი

ერაყში უვადო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს

305
(განახლებულია 20:28 13.10.2018)
საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ახალგაზრდა ქალს  მხოლოდ იმიტომ მიესაჯა უვადო პატიმრობა, რომ ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსი ჰქონდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის სამი მცირეწლოვანი შვილი თბილისში ჩამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვებს აეროპორტში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თავის შვილთან ერთად დახვდა.

ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსი აქვს.

იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს, ერაყში საქართველოს ელჩის – გია ტაბატაძისგან მიიღო.

ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მოლოდ იმის გამო აქვს მისჯილი, რომ ტერორიზმში ბრალდებული, უკვე გარდაცვლილი პირის მეუღლის სტატუსი აქვს. 

„ერაყის ქალთა ციხეში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ქალი იხდის მცირეწლოვან შვილებთან ერთად სასჯელს. ამ დაბრუნებით ჩვენ შევქმენით ბევრი დიდი ქვეყნისთვისაც კი მაგალითი, რადგან ამავე ციხეში ჩვენი მოქალაქის გვერდით ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე ქალი იხდის შვილებთან ერთად სასჯელს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო, ვინაიდან ერაყის კანონმდებლობის თანახმად, ასაკიდან გამომდინარე, მალე მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.

2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში თეა წულუკიანმა პირადად მოინახულა პატიმარი ქალბატონი და მისგან მიიღო დასტური, რომ მზადა არის, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა.

ამავე ვიზიტის დროს, საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ ბავშვების საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს, რომ მომდევნო ეტაპზე მოხდება დაკავებული დედის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, რაზეც მხარეები ერთობლივად იმუშავებენ. 

თარხან ბათირაშვილის ქვრივი თურქეთში დააკავეს >>

ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავად ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს.-ს შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ UNICEF-ისა და ICRC-ის ერაყის ოფისები.

ბავშვები საქართველოში ბებიასა და ბაბუსთან დარჩებიან.

ამ დროისთვის აღნიშნულ ციხეში სხვადასხვა ქვეყნიდან 600 ქალი და 800 ბავშვი იმყოფება.

305