ნიკა გვარამია

„ქართული ოცნება“ ნიკა გვარამიას ფაშიზმში ადანაშაულებს

146
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოწოდებები პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მაღალ რეიტინგს უკავშირდება.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფაშიზმში დაადანაშაულა.

მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია გვარამიას პოსტმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ–გვერდზე, სადაც ის ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგებს უპირისპირდება და საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროებისკენ მოუწოდებს.

„უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!“ – წერს გვარამია.

ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სალომე ზურაბიშვილის მომხრეების შევიწროებისკენ მოუწოდებს>>

„ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოებისა და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

კობახიძე ამტკიცებს, რომ გვარამიას განცხადება ზურაბიშვილის მაღალ რეიტინგს უკავშირდება, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს.

„ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილისა და უმოქმედობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა ძალზე მნიშვნელოვანია, მათ შორის ქართულ–ამერიკული, ქართულ–ევროპული ურთიერთობების კონტექსტში და, მთლიანად, დასავლეთთან ურთიერთობებში.

 „ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ – ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე", – აღნიშნა კობახიძემ.

146