ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს წევრებს განათლების სისტემის რეფორმირების გეგმები გააცნო.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების კუთხით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

ქართულად გაეროს ტრიბუნიდან: ბახტაძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მიმართა>>>

„პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელ წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია", – აღნიშნა ბახტაძემ.

საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა თანახმად, ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადადის.

„ჩვენთვის ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილი თავისუფალი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალია. განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, განათლების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ ერთი გარღვევა იქნება იმ მთავარი გამოწვევის გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩემი ქვეყანა. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოსთვის ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ხელისუფლებამ საუკეთესო შედეგების მიღწევებისთვის მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები განახორციელა.

იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა.

„დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება", – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა გაეროს წევრებს ეკონომიკის სფეროში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები გააცნო. მისი სიტყვებით, ხელისუფლება ორიენტირებულია ციფრულ და „მწვანე" ეკონომიკაზე.

საქართველოს პრემიერი ნიუ–იორკში დონალდ ტრამპს შეხვდა>>>

„ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია ეფუძნება ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვართ წარმატებული ამ სტრატეგიის რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადაქცევას რეგიონის ეკონომიკურ, ტურისტულ, ლოგისტიკურ და საგანმანათლებლო ცენტრად. ამას ცხადყოფს ჩვენი მოწინავე პოზიციები წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა დაამატა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა ხელი შეუწყოს გაეროს როლის გაფართოებას ერთობლივი მიზნების მისაღწევად.

„ჩვენ მზად ვართ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ერთობლივი მიზნების მიღწევაში – მშვიდობიანი, მტკიცე, სამართლიანი საზოგადოების განვითარებაში და ამ პროცესში ხელი შევუწყოთ გაეროს როლის გაძლიერებას და მისი მიზნების საუკეთესო შესრულებას", – აღნიშნა ბახტაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0