მეიდანი

ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

167
შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად ნეიტრალური იქნება… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გახარიამ.

შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ. მემორანდუმის მთავარი პირობა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნაა.

„უსაფრთხოება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველვყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით", – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა.

ასევე, მიმდინარე წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

ბრძანება ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციასა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველყოფას ავალდებულებს. ასევე, ბრძანების მიხედვით, პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვა ევალებათ.

ცესკოში ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატებზე სულ 46 განაცხადია შესული, მათგან 26 — საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 — პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. პრეზიდენტობის რვა კანდიდატმა რეგისტრაცია უკვე გაიარა, ხოლო ორმა უკვე უარი მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

არჩევნების შემდეგ ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, კიდევ უფრო შემცირდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი იქნება, მას ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება მთავრობასთან მოუწევს. ამასთან, პრეზიდენტი შეინარჩუნებს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებას, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების და რეფერენდუმების დანიშვნის უფლებას.

 

167
თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (231)