გიორგი გახარია

საქართველო და უკრაინა ე.წ. კანონიერ ქურდებს „ჟანგბადს გადაუკეტავენ"

88
(განახლებულია 16:53 12.09.2018)
საქართველოსა და უკრაინის ძალოვან უწყებებს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ერთმანეთთან ოპერატიული კავშირი ექნებათ.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროები ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის „კანონიერ ქურდებთან" ოპერატიული ბრძოლის მიზნით სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ, აღნიშნულია უკრაინის შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას კიევში ერთდღიანი ვიზიტის დროს, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან არსენ ავაკოვთან. ინიციატივა უკრაინულ მხარეს ეკუთვნის და ის თურქი და აზერბაიჯანელი პოლიციელების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

„ჩვენ გვაშფოთებს ორგანიზებული დანაშაული და „კანონიერი ქურდები", რომლებიც, ძირითადად, საქართველოს მკვიდრნი არიან. ჩვენ წინადადებით გამოვდივართ, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი სისხლის სამართლის პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით, რომელიც იმუშავებს ერთობლივად, გაცვლის ოპერატიულ ინფორმაციებს, რათა საფრთხეებზე სწრაფად რეაგირება შევძლოთ", — განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა.

გახარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამჟამად ორი ქვეყნის პოლიციელებს შორის ოპერატიული კავშირი მონაცემების გაცვლისთვისთვის არ არსებობს და ამ პრობლემის სრაფად აღმოფხვრის პირობა დადო.

„აქ იმ უბრალო მიზეზის გამო ვართ, რომ არ გვაქვს ოპერატიული კავშირი, რომელსაც ახლა მოვაგვარებთ. ჩემი პირველი მოადგილე, რომელიც ქვეყნის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობს, თქვენთან პირდაპირ სატელეფონო კავშირზე იქნება… ჩვენ დაახლოებით ასეთივე სქემა გვაქვს დალაგებული აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც", — განაცხადა გახარიამ.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შსს-ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ცვლილებების შესაბამისად, ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით, ჯარიმით ან უჯარიმოდ, ხოლო „კანონიერ ქურდებს" ცხრიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დანაშაულად ცხადდება „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა, "ქურდული შეკრების" ორგანიზება და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის, ასევე „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა.

„კანონი, რომელიც საქართველოში „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლას არეგულირებს, უბრალოდ მოძველდა. შეიცვალა კომუნიკაციის მექანიზმები, ადამიანები ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ ტელეფონით — Viber-ით, Whatsapp-ით და სხვა. შესაბამისად, ამჟამად საქართველოში „ქურდული სამყაროს მხარდაჭერა", მასთან კავშირი და მიმართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია", — განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გახარიამ ასევე აღნიშნა უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან არსებული კიბერპოლიციის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობა და ამ მიმართულებით უკრაინელ კოლეგებთან მუშაობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

„თქვენ კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო დეპარტამენტი გაქვთ ევროპაში. ჩვენი სურვილია, ერთ-ერთი ოფიცერი ჩვენთან მოვიწვიოთ და თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ", — აღნიშნა გახარიამ.

 

88
თემები:
კრიმინალი საქართველოში (714)