ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა

49
(განახლებულია 12:29 11.09.2018)
პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით 11-14 სექტემბერს ეწვევა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს დომინიკ დე ბუმანს და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება.

შვეიცარიული კონცერნი საქართველოში ქარხანას ააშენებს>>>

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ფრიბურგის უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის „სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კომპანია CSL Behring AG-ს დაათვალიერებს და დუალური განათლების წესით, პროფესიული განათლების მიღების პროცესში მყოფ შეგირდებს გაესაუბრება.

შეხვედრები დაგეგმილია, ასევე, სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელ კარლ ლორენცთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, დეპუტატები - ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ხელმოწერილია ათამდე შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ეკონომიკა, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული საკითხები, რეადმისია, საჰაერო მიმოსვლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და ა.შ.

 

49
თემები:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (74)