ზუგდიდი

კახეთის, სამეგრელოსა და სვანეთის განვითარებაში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება

29
(განახლებულია 12:09 14.07.2018)
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების წინაშე ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ტურისტულად მიმზიდველი სამი მხარის —კახეთის, სამეგრელოსა და სვანეთის  განვითარების გეგმის შემუშავებას აპირებს, განაცხადა პარლამენტში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა.

გაიზრდება თუ არა გადასახადები: პრემიერის გეგმები >>

მანამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეგიონების განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდება.

მას შემდეგ, რაც ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა, ყველა მოქმედი მინისტრი და თავად პრემიერი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პარლამენტი განახლებულ მთავრობას ნდობას დღის ბოლომდე გამოუცხადებს.

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო პროექტი, რომელშიც სამი კლასტერია გამოყოფილი: პირველი — კახეთში (თელავი-ახმეტა); მეორე — სამეგრელოში (ზუგდიდი-მარტვილი); და მესამე ზუგდიდი-მესტია-უშგული. ამ კლასტერებში ჩატარდება კვლევა და დაიგეგმება საჭირო ინფრასტრუქტურა… ასევე გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW) ერთად ევროკავშირის დახმარებით ვგეგმავთ ყაზბეგის განვითარების გეგმის შემუშავებას“, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. 

დღეისათვის ADB-ს მიერ საქართველოში გამოყოფილი თანხა დაახლოებით 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება განახლებულ მთავრობას, მასში სამი ახალი სახე იქნება: ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი გახდება, გიორგი ქობულია — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო მიხეილ ბატიაშვილი — განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში სამით ნაკლები მინისტრი გახდა. აღნიშნული ცვლილება სამინისტროების შერწყმის ან გაუქმების და უფლებამოსილებების სხვა სამინისტროებს შორის გადანაწილების ხარჯზე მოხდა.

 

29
თემები:
საქართველოს მთავრობა (113)