შტორმი ბათუმში

ნარკოტიკებთან ბრძოლა მარტივდება საქართველო Island–ის კლასის ორ კატარღებს მიიღებს

144
აშშ საქართველოს მალე საპატრულო კატარღებს გადასცემს, რომელიც ძირითადად, არალეგალებთან და ზღვაში უკანონოდ ნარკოტიკების გადამზიდავების წინააღმდეგ საბრძოლველადაა გათვლილი

თბილისი,  13 ივლისი — Sputnik. 2018 წლის ბოლომდე საქართველო აშშ–დან სანაპირო დაცვის Island–ის კლასის ორ კატარღას მიიღებს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

Island-ის კლასის კატარღებს 1980-იანი წლებიდან აწარმოებენ. ისინი, ძირითადად, არალეგალებთან და ზღვაში უკანონოდ ნარკოტიკების გადამზიდავების წინააღმდეგ საბრძოლველადაა გათვლილი. კატარღები უზრუნველყოფენ პორტების უსაფრთხოებას და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.

ხომალდის სიგრძე 100 ფუტია, სიფართე —21 ფუტი, წყალწყვა —154 ტონა, ხოლო ეკიპაჟი — 16 ადამიანი.

გახარიას თქმით, კატარღების შეძენა სასაზღვრო პოლიციის  დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახურის  რეფორმების ნაწილია. ხომალდების გადაცემა თავიდან 2016 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, პროცესი, გაურკვეველი მიზეზებით, ორი წლით გადაიდო.

უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ>>>

 „ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით (რეფორმების – რედ.)  არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინიციატივებისა და  პერსონალის ამაღლების ნაწილში. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი,  როგორიც არის „ჯეიმოკი“ — ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და რომელიც ახლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში.  

როგორც მან აღნიშნა, საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს ხომალდებს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას,  უფრო სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში  როგორც ნატოს წვრთნებში, ასევე უფრო ეფექტურად განახორციელოს  ქვეყნის  სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2016 წლის ვარშავის  ნატოს სამიტზე  მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვაში ალიანსის კონტრტერორისტული ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“  სანაპირო უსაფრთხოების   „ზღვის მცველის“ ოპერაციად  ტრანსფორმაციის შესახებ. „ზღვის მცველი –2017“–ის პირველი ოპერაცია 2017 წელს ჩატარდა.

გახარიას სიტყვებით, საქართველო ამ ოპერაციაში უახლოეს  მას შემდეგ ჩაერთვება, რაც აბორდაჟის ჯგუფები სპეციალურ გადამზადებებს გაივლიან.

 „მოგეხსენებათ,  რომ ნატო დღეის მდგომარეობით ახორციელებს ხმელთა შუა ზღვაში  „ზღვის მცველის“ ოპერაციას,  რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან“, – განაცხადა გახარიამ.


144
თემები:
საქართველოს თავდაცვა (129)