საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

მთავრობის განახლებული შემადგენლობა 11 ივლისს გახდება ცნობილი

78
(განახლებულია 16:00 09.07.2018)
თუ „ქართულ ოცნებაში" უთანხმოება არ იქნება, მთავრობა პარლამენტის ნდობას ადვილად მოიპოვებს, რადგან მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავს

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ  თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე დაყრდნობით. 

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა  საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად,  საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 14 სამინისტროს ნაცვლად ათი  სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება. „მცირე მთავრობის" კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

სამინისტროების შემცირება საქართველოში მეოთხედ მილიარდ ლარს მოიტანს>>>

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა და მმართველ  გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაციები რამდენიმე დღეში შედგება.

„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა”, – განმარტა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გავრცელებული ინფორმაცით, კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 15 ივლისს გაიმართება,  13-14 ივლისს კი პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს.

თუ „ქართულ ოცნებაში" უთანხმოება არ იქნება, მთავრობა პარლამენტის ნდობას ადვილად მოიპოვებს, რადგან მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავს.

ამგვარად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში პარლამენტს საქართველოს უკვე მეორე მთავრობისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება. ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გახდა.


78
თემები:
საქართველოს მთავრობა (113)