ევროპული კვარტალი ბრიუსელში

ევროკავშირში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა შეავსონ

186
(განახლებულია 20:32 06.07.2018)
საქართველოსა და სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეები 2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ახალი წესით ჩავლენ.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის ავტორიზაციის სისტემის შემოღებას (ETIAS) მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვთ, ნათქვამია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეს არის ავტომატიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც თვალყურს ადევნებს და ნებართვას გასცემს შენგენის ზონაში შემსვლელებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ.

ახალი სისტემის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების წინ საჭირო იქნება განაცხადის შევსება ინტერნეტის მეშვეობით. პერსონალური მონაცემების შევსების გარდა, განმცხადებელმა უნდა უპასუხოს კითხვას, იყო თუ არა ნასამართლევი და ნამყოფია თუ არა სამხედრო კონფლიქტის ზონებში. ეს საშუალებას იძლევა, ევროკავშირის ტერიტორიამდე ჩასვლისას გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ეს ადამიანი საშიშროებას. სხვაგვარად მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე ვერ მოხვდება.

აპლიკაცია ავტომატურად და დაუყოვნებლივ შემოწმდება. ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში ის სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

კანონპროექტს ევროპარლამენტის 494-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდა 115, ხოლო 30-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ახლა დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

სისტემა ETIAS, ამ შემთხვევაში საუბარია ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებს ვიზა ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღემდე ყოფნისთვის არ სჭირდებათ, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ადამიანები უშიშროებას საფრთხეს არ უქმნიან. სისტემა შეაგროვებს და განაახლებს საჭირო ინფორმაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების შესახებ.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2021 წელს უნდა ამოქმედდეს. ელექტრონული ავტორიზაციის ღირებულებაა 7 ევრო. 18 წლამდე და 70 წელს ზევით მოქალაქეებისთვის ავტორიზაცია უფასო იქნება.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ სისტემა გააუმჯობესებს სასაზღვრო კონტროლის მართვას, აღკვეთს არალეგალი მიგრანტების ნაკადს და გააძლიერებს ბრძოლას დანაშაულთან და ტერორიზმთან. ამასთან, ევროპარლამენტის დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ეს შემოწმება მოგზაურებს პრობლემებს არ შეუქმნის.

ETIAS გახდება დამატება Smart borders-ის („ჭკვიანი საზღვრები") სისტემისთვის, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყნის კონტროლის სისტემის გაერთიანებას გულისხმობს. ერთ-ერთი სიახლე იქნება ის, რომ პასპორტში აღარ ჩაარტყამენ ბეჭედს საზღვრის გადაკვეთის დროს. ეს ყველაფერი მიმართულია მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის პროცედურის შემსუბუქებისკენ. ეს სისტემა 2020 წელს უნდა ამოქმედდეს.

 

186
თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)