პოლიციელები პარლამენტთან აქციაზე

პოლიციელებს ხელფასებს მოუმატებენ და ბინებს აუშენებენ

247
(განახლებულია 17:32 19.06.2018)
ბინებს პოლიციელებისთვის ააშენებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. პოლიციელების ხელფასი 1 ივლისიდან 250 ლარით გაიზრდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტში სამშაბათს მინისტრობის კანდიდატები გამოდიან. მამუკა ბახტაძის მეთაურობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი, ამიტომ დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ 1 ივლისიდან 13,2 ათას პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება", — განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელების ხელფასების ზრდის პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.

„250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც", — განაცხადა გახარიამ.

საქართველოში პოლიციელის საშუალო ხელფასი 900 ლარია.

შსს ასევე აპირებს პოლიციელების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხებით დაკავდეს.

„წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს ზუგდიდსა და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს", — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ასეთი დამატებითი გარანტიები ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდები პოლიციაში მუშაობით დაინტერესდნენ.

247
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)