გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა

243
(განახლებულია 20:46 13.06.2018)
პრემიერის პოსტის დატოვებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გადადგომა მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი >>

„როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ამავე დროს მომხდარს მან ბუნებრივი პროცესი უწოდა.

„ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, სადაც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია.

„აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

პრემიერი გადადგა იმ საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გახმაურებული საქმის ირგვლივ შექმნილი სკანდალის გამო აგორდა.

ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს >>

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. ნახევარი წლის შემდეგ სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა. ერთი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მეორე — მხოლოდ სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ექვსი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

დავითის მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურა საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და სხვა დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა.

ზაზა სარალიძე გახდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ინიციატორი, რომლებიც 31 მაისიდან სხვადასხვა ინტენსივობით დედაქალაქის ცენტრში იმართებოდა. პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მაგრამ მომიტინგეებს ეს არასაკმარისი მოეჩვენათ და მათ პრემიერ-მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს.

243
თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (88)