აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი

კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპის წერილი მიიღო

264
(განახლებულია 19:48 11.06.2018)
აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც მთავრობის მეთაურს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადების და დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა, ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საიუბილეო თარიღი 26 მაისს აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უამრავი ღონისძიება გაიმართა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩამოვიდნენ ექვსი ქვეყნის პრეზიდენტები, ევროკომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა გახდა.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო! პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს. საქართველო უძველესი და ულამაზესი ისტორიის მქონე შესანიშნავი ქვეყანაა. მას ბევრჯერ შეუტანია წვლილი დასავლურ კულტურაში, მათ შორის, მუსიკაში, არქიტექტურასა და კულინარიაში. თქვენი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და თავს სწირავენ ჩვენ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში“, — ნათქვამია წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

„ჩვენ ორ დიდებულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების პირობებში ველი ჩვენი ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გამოყენებას", — აღნიშნულია წერილში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დაიწყო, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის“ ბაზის ანალოგს, საბრძოლო მომზადების ცენტრს აშენებს.

264
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (249)