კიევი

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ქმნიან

27
(განახლებულია 14:37 08.06.2018)
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფება

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიევში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნა იგეგმება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.

ასამბლეა შეიქმნება მეორე საპარლამენტთაშორისი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 8 ივნისს გაიხსნება. კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით".

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან — ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერს ხელს", — ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მოგვიანებით კი ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციის პანელურ დისკუსიაში. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ევროპარლამენტის დეპუტატები, მათ შორის, რებეკა ჰარმსი და ანა გომეში, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტი 10 ივნისს დასრულდება.

27
თემები:
საქართველოს პარლამენტი (40)