პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაში კვოტები გადაანაწილა

© FB / Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიაში უმრავლესობა, მათ შორის თავმჯდომარე, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში დეპუტატების კვოტები განსაზღვრა, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი დაპირებაა. მთავრობის მეთაურმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთი მოკლულის მშობელმა ზაზა სარალიძემ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები დაიწყო.

ზაზა სარალიძე მომიტინგეებთან კარავში - Sputnik საქართველო
სარალიძემ პრემიერს ერთკვირიანი ვადა მისცა

კომისია 17 ადამიანისგან დაკომპლექტდება. მასში შევლენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის რვა წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ფრაქციის ექვსი წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციების თითო-თითო წარმომადგენელი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. კომისიას ოპოზიციის კანდიდატი უხელმძღვანელებს.

ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენელი იქნებოდა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპნენ. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს — სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს>>>

სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ გამოძიება თავიდანვე მფარველობდა ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილს, და ის სამართლის აღსრულებას მოითხოვს. განაჩენის გამოცხადების დღიდან, 31 მაისიდან სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მიაღწიეს, შემდეგ კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა, მას მხარი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა.

ყველა ახალი ამბავი
0