საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

ორშაბათიდან თბილისში ტურისტული პატრული გამოჩნდება

136
(განახლებულია 19:08 18.05.2018)
მაისში პატრულირებას 20 ქვეითი ეკიპაჟი დაიწყებს და მომდევნო თვეებში მათ 20-20 ეკიპაჟი მიემატება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის ტურისტულ ზონებში 21 მაისიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფი დაიწყებს პატრულირებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმინეს. გახარიამ შსს-ში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე გასულ კვირაში კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ისაუბრა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახარიამ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქალაქში ტურისტების ზრდას ახლავს.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს, ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რადგან ტურისტების ამხელა რაოდენობას მოჰყვება თავისი რისკები“, – განაცხადა მინისტრმა.

გახარიას განცხადებით, თბილისში უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ადგილები და მარშრუტები, სადაც ორშაბათიდან ქვეითი, ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება. 

„ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და შემდეგ თვეებში მას მიემატება დამატებით 20-20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები“, – განაცხადა მინისტრმა.

კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა >>

მისი თქმით, ტურისტული პატრული მართლწესრიგს დაიცავს და ასევე დაეხმარება ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს.

საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. 

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სეგმენტია. გასულ წელს იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანაში 24 და მეტი საათი დაჰყვეს, 3 478,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებზე 27,9%–ით მეტია. 2017 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანობაში 2,8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

136