საცხოვრებელი სახლის მშენებლობა

თბილისის მერია 1990-იან წლებში დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პირობას დებს

32
(განახლებულია 15:25 17.05.2018)
პირველ ეტაპზე ოჯახებს, რომლებმაც ბინათმშენებლობის კოოპერატივებს გადაუხადეს თანხა, მაგრამ ბინები არ მიუღიათ, თბილისში მშენებლობისთვის 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთს გადასცემენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ბინებს ჰპირდება იმ ოჯახებს, რომლებიც უბინაოდ დარჩნენ იმის გამო, რომ 1990-იან წლებში სახელმწიფო ბინათმშენებლობის კოოპერატივებმა ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

საუბარია 3 ათას დაზარალებულ ოჯახზე.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილი ელოდებიან… მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება", — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რათა ადამიანებმა კუთვნილი ბინები მიიღონ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე 16 ჰექტარ ფართობს გადასცემენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც დაბალი სარეიტინგო ქულები აქვთ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის ფართობის გამოყოფა იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიწის ნაკვეთების უმრავლესობა, სადაც კოოპერატივებს სახლები უნდა აეშენებინათ, პრივატიზებული იყო.

კომპანიებს, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს ააშენებენ, თბილისის მერია შეარჩევს.

32
თემები:
თბილისი დღეს (830)