პრეზიდენტები ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

„მოწიწებითა და რიდით“ ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტებზე

100
(განახლებულია 19:01 22.03.2018)
ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა გამოთქვეს საერთო მოსაზრება, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვითარდება.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში მოემგზავრება, მოწიწებასა და რიდს გრძნობს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ლუკაშენკო თბილისში ხუთშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა – ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ – გაფართოებულ ფორმატში.

„აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი, კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე, როგორც ბელარუსში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი სტუმართმოყვარეა.

„თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო–ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ჩვენ ურთიერთობებს ბევრი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომლებიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ლუკაშენკო დაეთანხმა კოლეგის მოსაზრებას, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის ვითარდება. ეს ეხება თანამშრომლობას როგორც კვების პროდუქტების მიწოდებასა და წარმოებაში, ისე რთული ტექნიკის სფეროში, აღნიშნულია ბელარუსის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ორდღიანი შეხვედრების შედეგად გამოვნახავთ ბელარუსში და უკან (საქონლის) მიწოდების სხვა გზებსაც, რათა საქონელბრუნვა უფრო გააქტიურდეს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან დაამატა, რომ ბელარუსი, როდესაც საქმე გამოცდილების გაზიარებას ეხება, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.

„ბელარუსს საქართველოსთან თანამშრომლობაში დახურული თემები არა აქვს. ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ყველაფერი, რასაც საქართველო ხედავს ჩვენთან და უნდა, რომ აქ განვითარდეს, ყოველთვის მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტების განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში შესამჩნევმა წარმატებებმა ორმხრივ პოლიტიკურ თანამშრომლობაში ურთიერთობები ქვეყნებს შორის ახალ დონეზე აიყვანა. და ამ პროგრესის დინამიკური განვითარება შეუქცევადია.

მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.

100
თემები:
ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში - 2018 (7)