თბილისი მინსკის დღეებს უმასპინძლებს

გამოწერა
მინსკის დღეების ფარგლებში თბილისში გაიმართება ქართულ-ბელარუსული ბიზნეს-ფორუმი, საფეხბურთო მატჩი და გალა-კონცერტი.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში მინსკის დღეები ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად გაიმართება, აღნიშნულია ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში უკვე იმყოფება მინსკის მერი ანდრეი შორეცი. ოთხშაბათს დაგეგმილია მისი შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძესთან, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" საქართველოში ბელარუსის საელჩოში.

ქალაქის მერებს დაგეგმილი აქვთ ხელმოწერა 2018-2020 წლებში თბილისსა და მინსკს შორის თანამშრომლობის პროგრამაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი ვახტანგ გომელაური და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკი - Sputnik საქართველო
საქართველო და ბელარუსი საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

მინსკის დღეებთან დაკავშირებით ძირითადი ღონისძიებები თბილისში ხუთშაბათს, ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გაიმართება.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" დილიდან გაიხსნება ქართულ-ბელარუსული ბიზნეს-ფორუმი, დღის მეორე ნახევარში სტადიონ "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ჭაბუკთა ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება.

საზეიმო გალა-კონცერტი საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. სტუმრებისთვის დაუკრავს ბელარუსის საპრეზიდენტო ორკესტრი ვიქტორ ბაბარიკინის დირიჟორობით.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს გაიხსნა. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო.

ბელარუსში საკმაოდ მცირე, 10 ათასზე ნაკლები ადამიანი, მაგრამ აქტიური ქართული დიასპორაა. მინსკში რეგულარულად აღინიშნება „თბილისობა", რომელიც 2017 წელს განსაკუთრებული პომპეზურობით გამოირჩეოდა.

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში განვითარების ახალი ეტაპი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.

თბილისი და მინსკი 2015 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ანდრეი შორეცმა და იმ დროს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

ყველა ახალი ამბავი
0