საქართველო და ევროკავშირი დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე გადავლენ

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი
გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში დინამიკური პროგრესი შეინიშნება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველო და ევროკავშირი დარგობრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლის შესახებ შეთანხმდნენ, აღნიშნულია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრის შემდეგ. მარგველაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას, რომელიც ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„მხარეები მუშაობას ახალი ფორმატის ფორმირებაზე უკვე იწყებენ", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
თავშესაფარის მაძიებლები ევროკავშირში – საქართველო „საპატიო" ექვსეულშია

როგორც საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განმარტა, მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უკვე უმაღლეს დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რაც სექტორალურ ინტეგრაციას უკავშირდება, ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რაც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორული თანამშრომლობის საშუალებას, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შესაბამის კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას", — განაცხადა ფხალაძემ.

ამ ყველაფერს გააკონტროლებს ჟან-კლოდ იუნკერი და, ფხალაძის თქმით, ეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს.

მარგველაშვილმა და იუნკერმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველო და ევროკავშირი წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, გასულ წელს კი ამ თანამშრომლობაში დინამიკური პროგრესი შეინიშნებოდა. მარგველაშვილი და იუნკერი შეხვდნენ როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წამყვანი ქვეყნის წარმატებებს, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების აუცილებლობასა და სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები პარტნიორებთან ერთად, რათა თავიდან იქნას აცილებული სირთულეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროცესში. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
მთავრობა: ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, შვედეთი შეშფოთებას გამოთქვამენ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო. უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან და დაიწყო კანონმდებლობის გამკაცრება.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის თავმჯდომარე დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით 26 მაისს საქართველოში მოიწვია.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისარს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩს, ევროპის კომისიის კომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში კარლუშ მოედაშს, ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულს, ასევე გამართა საქმიანი სადილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასევე შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის და მასთან ევროინტეგრაციისა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მარგველაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ასევე გამართავს შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მოგვიანებით მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბრიუსელის ფორუმზე, ასევე დელეგაციასთან ერთად ეწვევა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს.

ყველა ახალი ამბავი
0