ბურჯანაძე: ივანიშვილი პრეზიდენტობას მხოლოდ ერთი პირობით მოინდომებს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს, მაგრამ ის შეიძლება აიძულონ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ამას აშშ მოითხოვს.

ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. 2013 წელს ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. ოპოზიციის მტკიცებით, ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.

„მან შესანიშნავი და იოლი გზა იპოვა. ერთი მხრივ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმალურად ყველაფერს ემიჯნება და ამბობს – "მე რა შუაში ვარ?!" ეს მისთვის ძალზე კომფორტული პოზიციაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა მას პრეზიდენტად კენჭისყრა არაფერში სჭირდება", — განუცხადა ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს".

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს

ბურჯანაძის აზრით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი მას მთლიანად ემორჩილებოდეს და, ყველაფერთან ერთად, დატოვოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე.

„ანუ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს დატოვებს, გასუსული იყოს. ამიტომ რაში სჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი. მაგრამ თუ ამერიკელები კუთხეში მიაყენებენ, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლის დატოვებაზე უარი განაცხადა. ეს პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევამდე „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ პრეზიდენტის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდა, ხოლო ახალი სასახლე ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს ექვსი წლით ხმოსნები აირჩევენ.

ბურჯანაძემ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში განაცხადა. ის პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა — 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0