გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში

საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პარლამენტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

23
(განახლებულია 09:52 09.02.2018)
საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხუთშაბათს დაიწყო

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik.  საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოს ვუცისმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის უმაღლესი ჯილდო — „პერიკლეს ჯილდო" გადასცა, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარგველაშვილი საბერძნეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხუთშაბათს დაიწყო.  პრეზიდენტი უკვე შეხვდა ბერძენ კოლეგა პროკოპის პავლოპულოსს, რომელიც თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 26 მაისს მოიწვია.

 „საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა  გუშინ, საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა — ბიზანტიის იმპერიამ ერთნაირად დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარების. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბერძნული მხრიდან. ჩემს ენაში სიტყვა ბერძნული და სიტყვა ბრძენი არის ერთი და იგივე — ბერძენი — ბრძენი. და მე ნამდვილად ვხედავ აქ დღეს კოლეგებში ბრძნულ პოლიტიკას", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის სიტყვებით, საქართველოს საბერძნეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს, რომელიც ჯერ კიდევ 15 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატებთანაც. მოგვიანებით კი დაგეგმილია შეხვედრები საბერძნეთის პრემიერ–მინისტრთან ალექსის ციპრასთან და  მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან.

გარდა ამისა, მარგველაშვილი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და შეხვედრას გამართავს ათენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საბერძნეთში 9 თებერვალს დასრულდება.

საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

23
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (164)