გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: საქართველოს უსაფრთხოებისთვის ღირს პოლიტიკურ უთანხმოებაზე უარის თქმა

41
(განახლებულია 18:39 08.02.2018)
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეფექტური კომუნიკაცია მოქალაქეებს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას უზრუნველყოფს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ქვეყნის ინტერესების ირგვლივ გაერთიანების მნიშვნელობაზე და მისი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაზე პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდეს, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ერთიანობას, ამ შემთხვევაში, წითელი ხაზები არავინ გადალახოს. პოლიტიკური ჭიდილი დემოკრატიის ტოლფასია, ყველამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური მრწამსი, მაგრამ, როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე, ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებულობა. ეს, პრეზიდენტის განცხადებით, ძლიერი იარაღია.

„მნიშვნელოვანია ავაგოთ ეფექტური კომუნიკაციური ჯაჭვი მოქალაქეებს, პოლიტიკურ, სამხედრო ხელმძღვანელობას შორის", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში, მისი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც არ იყო სახელმწიფოს ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე.

„ეს არის ის ფაქტი, რომელიც ჩვენს ისტორიულ რეალობას წარმოადგენს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალა მომდინარეობს არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების პირადი თვისებებიდან, არამედ სტაბილური ინსტიტუტებიდან, რომლებიც მათი ეფექტური მუშაობის ნებას იძლევა, აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ისაუბრა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. საქართველოს განახლებული კონსტიტუციის თანახმად, ეს სტრუქტურა უქმდება. მას შეცვლის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს მოიწვევენ.

„ეროვნული უშიშროების საბჭო არის სწორედ ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი მიმართულებებით", — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ამ თემებზე ისაუბრა სტრატეგიულ დისკუსიაზე — „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა", რომელიც მისი ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

41
თემები:
საქართველოს თავდაცვა (123)