ბურჯანაძე საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ის კრიტერიუმები დაასახელა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უალტერნატივო კანდიდატია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბურჯანაძემ 2017 წლის ნოემბერში განაცხადა. მისთვის საპრეზიდენტო სავარძელი უცხო არაა. ის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს ორჯერ ასრულებდა — 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრის ჩათვლით („ვარდების რევოლუციის" დროს) და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრის პერიოდში.

„მეეჭვება, რომ ჩემზე უკეთესი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოჩნდეს. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ასეთი ხმამაღალი განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი, რომელიც ქვეყნისთვის თუნდაც ერთი კრიტერიუმით ნინო ბურჯანაძეზე უკეთესი იქნება, მე თქვენი ეთერით პირობას ვდებ, რომ არათუ არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ მხარს დავუჭერ მას", — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია Palitra News-ის ეთერში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი

მან ასევე დაასახელა რიგი კრიტერიუმები, რომლებსაც, მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მასზე მეტად უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ის უნდა იყოს უფრო გამოცდილი, კომპეტენტური და ჰქონდეს საუკეთესო კონტაქტები.

„თუ თქვენ დამისახელებთ ადამიანს, რომელსაც ამ კრიტერიუმებიდან ჩემზე უკეთესი მონაცემები აქვს, მე ნებისმიერ შემთხვევაში მას დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას სჭირდება გამოცდილი, კომპეტენტური პრეზიდენტი", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება, რადგან განახლებული კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანა მთლიანად გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე. 2018 წელს პრეზიდენტს არა ხუთი წლით, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვსი წლით აირჩევენ.

2017 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი — იგი „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილია.

მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა არ დაუწყიათ. ამასთან, მედიაში დროდადრო ინფორმაცია ვრცელდება, რომ კანდიდატად შეიძლება დასახელდეს საქართველოს ექს-პრემიერი, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0