რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო: მარგველაშვილის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის ცვლილებები ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს გაუარესებს

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რატომ დაადო ვეტო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც 2017 წლის დეკემბერში მიიღეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის ტრანსლაციის უფლების მიცემას და ვებგვერდისთვის ან ტელევიზიისთვის კონტენტის შეძენისას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის გაუქმებას.

„საქართველოში, ის სარეკლამო ბაზარი, რომელიც კერძო ტელევიზიებს ასაზრდოებს მილევადი და სულ მუდამ კლებადია. ამ ბაზარზე კონკურენციაშია არაერთი დამოუკიდებელი, კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ კონკურენტულ ბაზარზე შევიდეს, როგორც ერთერთი მოთამაშე, ჩემი აზრით, პრობლემურია“, — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, რეკლამის უფლების მინიჭება სხვა მედიასაშუალებებს სერიოზულად დააზარალებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

„მედიამრავალფეროვნება ის სიკეთეა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მედია, ჩვენს ქვეყანაში, მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ მას არ ექნება საარსებო რესურსი და თუ მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე, ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან — მედიამრავალფეროვნებასთან“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან მარგველაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების წესებისგან საზმაუს გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი არის არა უკეთესი, ევროპული სტანდარტით ჩანაცვლება, ხისტი არსებული კანონისა, არამედ საერთოდ გაუქმება, ფაქტობრივად, იმ რეგულაციების, რომელებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

შესწორებების ამოქმედების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს უფლებას, განათავსოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ კომერციული რეკლამაც, ოღონდ – გარკვეული შეზღუდვებით. რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა პრაიმ–ტაიმში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი - გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო
ზედმეტი ფული არავის აწყენს: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი გაიტანა

რაც შეეხება სოციალურ რეკლამას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ის არ უნდა იყოს 90 წამზე ნაკლები ყოველ სამ საათში, საიდანაც ათი წამი უნდა მიეძღვნას საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.

ასევე, შესწორებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის 25% უნდა იყოს კერძო კომპანიების მომზადებული პროგრამები. ამ პროგრამებზე სახელმწიფო შესყიდვის წესები არ გავრცელდება.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეძლებს შეიძინოს ტელევიზიის ან რადიოსთვის, სოციალური გვერდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ასევე თანამგზავრის საშუალებით ტელე-რადიოპროდუქციის მიღება–გაშვებისთვის.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს უფლებას, ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და გამოიკვლიოს აუდიტორია საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, ასევე უფლებას, მიიღოს თავისუფალი სიხშირეები FM დიაპაზონზე რადიომაუწყებლობის ქსელის განვითარებისთვის.

პარლამენტმა გადაწყვიტა, მიანიჭოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება, დააფინანსოს სტარტაპები ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კუთხით.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდას. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ ჩაერიონ მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობისა და ფინანსურ დამოუკიდებლობაში, მათ შორის, მისცენ ბრძანებები, დავალებები ან აიძულონ შეთანხმებების დადება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – ერთადერთი ტელერადიოკომპანიაა საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს მისი ბიუჯეტი 52,2 მლნ ლარი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0