პოლიცია

რეფორმა მომწიფდა: შსს იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი

114
(განახლებულია 15:03 20.12.2017)
რეფორმა შეეხება საქართველოს კრიმინალურ, სასაზღვრო და საპატრულო პოლიციას

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსა ცვლილებები უწყების სხვადასხვა სტრუქტურაში, რომლის მიზანია ქვეყანაში უსაფრთხოების დონისა და მოსახლეობის მხრიდან ნდობის გაზრდა.

„დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამ მიზნის მისაღწევად უწყების პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ამავდროულად, ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის", — განაცხადა გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უწყების პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

გახარიამ აღნიშნა, რომ მისი უწყება, უკვე არსებული გამოწვევების — ორგანიზებული დანაშაულის, უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის გარდა, ახალ გამოწვევებსაც შეეჯახა. მათ შორისაა ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში", — აღნიშნა გახარიამ.

რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებები. მინისტრის განცხადებით, კრიმინალური პოლიცია უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.

„ეს რეფორმა უკვე დიდი ხანია მომწიფდა და ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული მიმართულება", — განაცხადა გახარიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა საგამოძიებო კომპონენტისა და დეტექტივების ქვედანაყოფების გაძლიერების აუცილებლობა. ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის სტრუქტურიდან უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი. მისი თქმით, ამან „კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი".

კრიმინალური პოლიციის რეფორმის კონცეფცია უკვე მზადაა. იანვრიდან მას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილავენ, ხოლო თებერვალში კანონპროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

რეფორმა შეეხება სასაზღვრო პოლიციასაც.

„საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით, მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს“, — განაცხადა გახარიამ.

ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის რეფორმა.

„დღეს საპატრულო პოლიციაში ინსტიტუციური მოწყობა და პროცესები აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს“, — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია უფრო მოქნილი და სწრაფი უნდა გახდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სერვისებთან ერთად ერთიან პლატფორმაში ჩაერთოს.

ცვლილებები ასევე შეეხება პოლიციელთა განათლების სფეროს.

„პოლიციის აკადემია უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული უწყება და ვერ ვხედავთ დღეის მდგომარეობით იმის აუცილებლობას, რომ ის იყოს უმაღლესი განათლებით დაკავებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვაპირებთ გარკვეულ გადალაგებას, რათა პოლიციის აკადემია იყოს ერთ-ერთი და საბოლოოდ ერთადერთი წყარო სისტემაში ადამიანის მოხვედრის", — განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, მინისტრმა დააანონსა შსს-ში ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ადამიანის უფლებებით დაკავდება.

„ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ უწყებაში გამოწვევები საკმაოდ მაღალია. მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებები. ვფიქრობ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, იქამდე სანამ არ დასრულდება უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება", — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, დეპარტამენტი დაკავდება ქალების მიმართ, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი და სხვა დანაშაულებით.

 

114
თეგი:
შს სამინისტრო, გიორგი გახარია
თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (49)