მშენებლობა

სიცოცხლე ინვესტიციებზე მნიშვნელოვანია: საქართველოში მშენებლობებზე კონტროლს ამკაცრებენ

23
(განახლებულია 16:21 30.11.2017)
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობების პროცესში კომპრომისების დაუშვებლობაზე განაცხადა, რამდენადაც საქმე ადამიანების უსაფრთხოებას ეხება

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომენტარისას,  შესაბამის ორგანოებს სამშენებლო სფეროში კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა, ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

25 ნოემბრის საღამოს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შენობაში სახანძრო კიბე არ აღმოჩნდა. თვითმხილველების განმარტებით, ადამიანები კვამლისგან იხრჩობოდნენ.

„მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

მან ასევე აღნიშნა განსაკუთრებით იმ შენობების შემოწმების აუცილებლობა, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება.

„განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი სიტყვებით, ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ საქართველოში მსგავსი არ მოხდება, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი მსხვერპლი, რაც ბათუმში მოხდა.

„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

 

 

23
თემები:
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა (34)