ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილის ბოიკოტი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ადვოკატებზე უარს აცხადებს

82
(განახლებულია 15:06 30.11.2017)
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმე მოიგო, განაცხადა მერაბიშვილის უკვე ყოფილმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბერში მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის საშუალებად იქნა გამოყენებული. 

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილმა ქართულ სასამართლოს სრული უნდობლობა გამოუცხადა და მე მას მომავალში აღარ დავიცავ“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

„ის უკვე აღიარებული პოლიტპატიმარია, შესაბამისად, ამ დარღვევებში მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება და ჩვენ მათთან მიმართებით არანაირი ნდობის მანდატი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ და ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას ვუცხადებთ“, – განაცხადა ჩივიაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. 

მისი სიტყვებით, სასამართლო პროცესების დროს მერაბიშვილის ინტერესები შეიძლება სახაზინო ადვოკატმა დაიცვას.

ამ დროისთვის მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. 

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

82
თემები:
კრიმინალი საქართველოში (732)