ადგილობრივი არჩევნები

ადგილობრივი არჩევნების პირველი შედეგები 03:00 საათისთვის იქნება ცნობილი

178
(განახლებულია 23:15 21.10.2017)
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას 02:00 საათიდან დაიწყებს, ხოლო ბრიფინგი, სავარაუდოდ, 03:00 საათზე ჩატარდება

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათის შემდეგ დაიწყებს.

2014 წლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ და მოგეხსენებათ, რომ მაშინაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხერხდა 02:00 საათის შემდეგ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, ამ დროიდან დავიწყოთ შედეგების გამოცხადება", – განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მისი განმარტებით, ხმის დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე დაიწყო. საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენი და შესაბამისად, შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი. ცესკოში შემაჯამებელი ოქმების შესვლის შემდეგ მონაცემები დაუყოვნებლივ აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge, აღნიშნა მიქელაძემ.

მასმედიის ინფორმაციით, პირველი ბრიფინგი 03 საათზეა დაანონსებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირველი მონაცემები არჩევნების შედეგებზე სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებზე მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

178
თემები:
არჩევნები -2017 (81)