გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგზე

კვირიკაშვილი: ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი

12
(განახლებულია 10:28 23.10.2017)
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება მიულოცა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

„ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენ ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს.

„ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდ, ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება! ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების" გამარჯვებას", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს.

„მინდა ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მთელ ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან დიდ გამარჯვებას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოში 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს.

12
თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (74)