კახა კალაძე

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ უფრო ლამაზი იყოს

312
(განახლებულია 21:40 21.10.2017)
კახა კალაძემ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ თბილისელებს მიმართა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისელებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ტელეკომპანია რუსთავი2"-ის ეგზიტპოლების მონაცემებით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე, კალაძემ ხმების 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჭიროა დაველოდოთ ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებას.

ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა, როცა ვხვდებოდით მოსახლეობას. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, სადაც ეკოლოგია იქნება უფრო სუფთა, ტრანსპორტი გვექნება განახლებული, ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული, ვიზრუნებთ ახალგაზრდების ჩართულობაზე ქალაქის განვითარებაში", – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ მადლობა გადაუხადა არა მხოლოდ მხარდამჭერებს, არამედ ოპონენტებსაც.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხა ჩემ თანაგუნდელებს, ოპონენტებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მეტი შრომა მოგვიწევს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, მოწესრიგება", – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა; საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

312
თემები:
კალაძე - „ოცნების“ მერი (27)