არჩევნები

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა

13
(განახლებულია 17:38 21.10.2017)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების დღეს ურთიერთბრალდებებით გამოირჩევიან.

თბილისი, 21 ოქტომებრი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. თვითმმართველობის არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

„არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება. მსურს ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები თავიანთ წარმომადგენლებს ინსტრუქციებს აძლევენ – დაწერონ თითოეულ უბანზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი, რათა არჩევნების მსვლელობაზე გავლენა მოახდინონ. მსურს მოვუწოდო მომხრეებსა და სხვა პარტიების ამომრჩეველს, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, — განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ.

მანამდე არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში და, მათ შორის, თბილისში დარღვევებით ტარდება. მათ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ე.წ. „კარუსელის“ ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თბილისის საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების პირად მონაცემებს აფიქსირებდნენ.

საქართველოს ცესკოში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს კანონი არ დაურღვევიათ, რამდენადაც სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საარჩევნო სიაში საჯარო ინფორმაციაა და პირად საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ცესკომ ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის ივანე ნორიკაძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ახორციელებენ გარკვეული სიებით.

„კანონმდებლობის თანახმად, აგიტაცია იკრძალება მხოლოდ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნების საზღვრებს გარეთ კი აგიტაცია დასაშვებია. ასევე, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განახორციელოს თავისი მომხრეების მობილიზება“, — განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე ტარდება. 13:00 საათის მონაცემებით, მათ საარჩევნო კომისიაში ცალკეულ უბნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 80 საჩივარი შეიტანეს.

იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება, განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმაც გააკეთა. მისი სიტყვებით, გაყალბების აღკვეთის ერთადერთი შესაძლებლობა ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა.

„ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციურ კანდიდატებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატს. მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს და ეცდება როგორმე გავლენა იქონიოს საარჩევნო პროცესზე და, პირველ რიგში, ეს არჩევნების გაყალბებას უკავშირდება“, — განაცხადა უდუმაშვილმა.

13
თემები:
არჩევნები -2017 (81)